სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტებში წელს პირველ კლასში ჯამში 1 687 ბავშვი დარეგისტრირდა.
სამცხე-ჯავახეთში წელს მინიმუმ 9 სკოლას პირველკლასელი არ ეყოლება მათგან 7 ახალქალაქის, 2 კი ბორჯომის მუნიციპალიტეტშია. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში არის თუ არა სკოლა, სადაც პირველკლასელი არ დარეგისტრირებულა, ამის შესახებ ინფორმაცია ვერ დავაზუსტეთ.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში წელს 525 პირველკლასელია რეგისტრირებული.
საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, ტერეზა ჩივჩიანის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში 65 საჯარო სკოლაა, მათგან 7 სკოლაში წელს პირველკლასელი არ დარეგისტრირებულა.
აფნიის, დიდი სამსარის, ბალხოს, ფახჩის, მოდეგამის, მურჯახეთისა და ოკამის N2 საჯარო სკოლას წელს პირველკლსელი არ ეყოლება.
პირველკლასელის გარეშე სკოლები წელს ბორჯომშიც იქნება. ესენია ბალანთისა და ლიკანის საჯარო სკოლები. ინფორმაციას რესურსცენტრის ხელმძღვანელი გვიდასტურებს და გვეუბნება, რომ ჯამში ბორჯომის მუნიციპალიტეტში წელს 238 პირველკლასელი დარეგისტრირდა.
ახალციხის მუნიციპალიტეტში პირველ კლასში წელს 450 ბავშვი დარეგისტრირდა, ადიგენში 114, ასპინძის მუნიციპალიტეტში კი 100 პირველკლასელია. ამ მუნიციპალიტეტებში პირველკლასელი ყველა საჯარო სკოლას ჰყავს.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში პირველ კლასში 260 ბავშვი დარეგისტრირდა. არის თუ არა ნინოწმინდაში სკოლა, სადაც წელს პირველკლასელი არ დარეგისტრირებულა, ამის შესახებ ინფორმაცია ნინოწმინდის რესურსცენტრში ვერ მოგვაწოდეს და განათლების სამინისტროში გადაგვამისამართეს.
კითხვებით ჩვენ განათლების სამინისტროში დავრეკეთ, თუმცა აქ ჩვენს ზარებს ტრადიციულად არ პასუხობენ.
ქვეყნის მასშტაბით, საჯარო სკოლებმა წელს დაახლოებით 45 ათასი პირველკლასელი მიიღეს.
წელს პირველკლასელებისთვის სასკოლო ფორმა სავალდებულო გახდა.
„საგანმანათლებლო რესურსების“ ინფორმაციით, I, V, VII, IX და X კლასების მოსწავლეები ახალი სასკოლო სახელმძღვანელოებით ისწავლიან.