დაზიანებული გზა დაპირისპირების მიზეზი გახდა -წალკა

November 5, 2026

ეს კადრები წალკაში, სოფელ კოხტასთან  გადავიღეთ.   ალტერნატიულ გზაზე, რომელიც სამ სოფელს წალკასთან აკავშირებს.  სოფელ კოხტაში გზის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს და სამი სოფლის მოსახლეობას ალტერნატიული გზით მოძრაობა უწევთ. 

ტალახში  მსუბუქი მანქანა ჩავარდა, დაზიანდა და მოძრაობა გაჩერდა. ადგილზე დაპირისპირება  გზის მშენებელი კომპანიის წარმოამდგენელსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის მოხდა.

თბილისი-წალკის საავტომობილო გზიდან სოფ. კოხტის ცენტრამდე 2,5 კმ-მდე სიგრძის მონაკვეთს კომპანია “ჯეო ბილდ გრუპი” აკეთებს.  მოსახლეობა ამბობს რომ გზის სამუშაოები ზაფხულში დაიწყეს, მაგრამ ინტენსიურად არ მიმდინარეობს. 

კომპანიის ხელმძღვანელის  დავით ლომთათიძის თქმით დროებითი გზა სადაც ახლა მოძრაობა გაჩერებულია, არაერთხელ აქვს შეკეთებული.

სოფელ კოხტას მკვიდრი: შენ ფული უნდა აიღო და ჩვენ უნდა ვიწვალოთ? არ მუშაობთ, კარგ ამინდშიც არ მუშაობდით.  გაუსაძლისი მდგომარეობა გვაქვს. წადით სხვა მოვა და ის გააკეთებს. აღარც მანქანა ვარგა, აღარც ხალხი ვარგა, ვეღარც საქონელი გავატარეთ. “

დავით ლომთათიძე; ,,ჯეო ბილდ გრუპის“ წარმომადგენელი: ,,სველ ნიადაგზე გზა არ კეთდება.  ეს ალტერნატიული გზა გაკეთდა იმიტომ რომ სანამ იქ არის სამუშაოები, ადგილობრივ მოსახლეობას ევლო.  როცა ორი კვირა გადაბმულად წვიმს, ამ ფერდობიდან ჩამოდის წაყლი და გროვდება. გუშინაც გუშინწინაც ჩავყარე აქ მასალა. მანქანა რომ გაივლის იყრება ხრეში, იმიტომ რომ წყალს მიაქვს და არ ჩერდება. 

 ეს პირველი  შემთხვევა არაა როცა აქ მანქანა ჩავარდა. ჩემთან დაურეკავთ ღამეც და როგორც კი ვახერხებთ მოვდივართ. 

კოხტას გზაზე პირველ ივნისს დავიწყე სამუშაოები, პირველ ეტაპზე მოჭრა გზა ნიშნულზე, ახლა მიმდინარეობს პირველი ფენის დახრეშვა. დახრეშილია კოხტას შესასვლელიდან ბოლომდე  კილომეტრი და შვიდასი, მაგრამ ეს არის პირველი ფენა.

ამ გზის დაზიანება წვიმების და   დიდი ავტომობილების ბრალია.  დატვირთულმა მანქანებმა ამ ადგილას არ უნდა იარონ. არის ალტერნატიული გზა და შეუძლიათ იქიდან იარონ.“

ადგილობრივები ასევე გვიყვებიან რომ ალტერნატიული დროებითი გზით  კარიერიდან დატვირთული სატვირთოებიც სარგებლობენ რომლებიც გზას აზიანებენ. სატვირთო მანქანები  ამ გზაზე ჩვენც გადავიღეთ.

ტალახიან გზაზე ჩავარდნილი ავტომანქანების დასახმარებლად და გზის გასაწმენდად კომპანიის წარმომადგენელმა მძიმე ტექნიკა გამოიძახა. 
 კოხტელები გვიყვებიან რომ დაზიანებული გზის გამო გაძვირდა ტაქსის მომსახურება,თუ ადრე მგზავრობა 15 ლარი იყო, ახლა ფასი გაორმაგდა და ხშირად არც მოდიან ამ გზაზე. ამის გამო ხშირად რამდენიმე კილომეტრის გავლა ფეხით უწევთ.

წალკა კოხტის დამაკავშირებელი გზა 5 წლის წინაც გაკეთდა და მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, თუმცა მალევე დაზიანდა. ახალი გზის მოწყობის სამუშაოები  ადგილობრივი ბიუჯეტს ორ მილიონ ლარზე მეტი უჯდება. სამუშაოები მომდევნო წელს დასრულდება.

Tags: , ,