23 მარტის, 16:00 საათის მონაცემებით სამცხე-ჯავახეთში სულ 728 პირი იმყოფება თვითიზოლაციაში. აქედან ყველაზე ბევრი, 327 ახალქალაქშია.
ადიგენში თვითიზოლაციაში 10 პირი იმყოფება. როგორც ადიგენის ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, რუიზან ქიმაძე გვეუბნება მათი მდგომარეობა სტაბილურია და არანაირი სახის ჩივილები არ აღენიშნებათ.
“სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული მოქალაქეები არიან. ამ დროისთვის 10 პირი იმყოფება თვითიზოლაციაში. არანაირი სახის სიმპტომები არ აღენიშნებათ,” – ჩვენთან საუბრისას განმარტა რუიზან ქიმაძემ.
მისივე თქმით იყო შემთხვევა, როცა მოქალაქემ თვითონ მოითხოვა კარანტინში გადაყვანა.
“ერთ-ერთმა გვთხოვა კარანტინში გადამიყვანეთო, რადგან ოჯახის წევრებს ვერ მოვუფრთხილდებიო. იგი ბაკურიანში, საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს.”
ახალციხეში თვითიზოლაციაში – 125 პირი იმყოფება. ასპინძაში – 49, ნინოწმინდაში – 183 და ბორჯომში – 34.
საქართველოში კორონავირუსის სულ 54 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 8 უკვე სრულიად გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში – 3320 და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 235 პირი იმყოფება.