ახალციხის „ცხელების ცენტრში“ გადაყვანილ პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა. პირი ახალციხის საკარანტინო სივრცეში მყოფი მოქალაქეა. ამის შესახებ ჩვენ კლინიკა „იმედის“ დირექტორმა, გიორგი ბარძიმაძემ გვითხრა.
„გუშინ გადმოიყვანეს ახალციხის საკარანტინო სივრციდან, აღენიშნებოდა კორონავირუსის სიმპტომები, რის საფუძველზეც გადავგზავნეთ ანალიზები და პასუხი დადებითი მოვიდა,“ – გვითხრა დირექტორმა.
მისივე თქმით, პაციენტს ადგილობრივებთან კონტაქტი არ ჰქონია.
ამ დროისთვის კლინიკა „იმედის“ „ცხელების ცენტრიდან“ COVID-19-ზე ოთხი პაციენტის ბიოლოგიური მასალაა გადაგზავნილი ლუგარის ლაბორატორიაში. ბარძიმაძის თქმით, პასუხები ხვალ დილით გახდება ცნობილი.
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 7 შემთხვევა გამოვლინდა, რომელთაგან 6 საკარანტინო სივრციდან გადაყვანილი, ხოლო 1 ადგილობრივია.
ავტორი: სედა სარქისიანი