მედპერსონალის შესაძლო შეცდომა – ნინოწმინდაში სავარაუდო კოვიდინფიცირებული სახლში გაუშვეს

June 3, 2020

ნინოწმინდაში მცხოვრები მოქალაქე, რომელმაც საკარანტინო სივრცე 14 დღის შემდეგ დატოვა, სავარაუდოდ კოვიდინფიცირებულია.

როგორც ნინოწმინდის ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, მედპერსონალს ანალიზები აერია და სავარაუდოდ ინფიცირებული კაცი სახლში გაუშვეს, ხოლო დაშვებული შეცდომა ორი დღის შემდეგ აღმოაჩინეს.

ინფიცირებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გორის ჰოსპიტალში გადაიყვანა.

„მთელი სოფელი იზოლირებულია, 200-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს სოფელში, ჯერ კიდევ არ არის შესწავლილი რამდენთან ჰქონდა კონტაქტი. 44 წლის მამაკაცს კიდევ ერთხელ ჩაუტარდა ანალიზები და ველოდებით პასუხებს. ვესაუბრე მამაკაცს, იგი კარგად გრძნობს თავს და არც ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნება,“ – ამბობს ტიგრან ეგოიანი.

ნინოწმინდის მერი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ კონტაქტები ბოლომდე შესწავლილი არ არის. „სოფლის რწმუნებული და ჯანდაცვის წარმომადგენლები მუშაობენ კონტაქტების კვლევაზე. პაციენტს კორონავირუსის სიმპტომები არ აღენიშნება. ველოდებით ანალიზის პასუხებს,“- ამბობს მოსოიანი.

თემასთან დაკავშირებით ჩვენ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსაც დავუკავშირდით. როგორც ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს საკითხზე მიმდინარეობს კვლევა.

„მიმდინარეობს მოკვლევა, ამ დროისთვის სხვას ვერაფერს ვიტყვით.“

სოფელ ყაურმაში მცხოვრებ 44 წლის მოქალაქეს რუსეთში მოგზაურობის ისტორია აქვს, მან გუდაურის ერთ-ერთი საკარანტინო სივრცე 31 მაისს დატოვა.

ავტორები:
მიხეილ დარბაიძე, სედა სარქისიანი

Leave a Reply