საქართველოში რვა ივნისიდან სასტუმროებს მუშაობის განახლების უფლება მიენიჭათ, მაგრამ რიგი რეგულაციების დაცვით. ახალციხეში სასტუმროებს მუშაობა არ განუახლებიათ. როგორც ადგილობრივი მერიის ზედამხედველობის სამსახურში განმარტავენ სასტუმროებს, რომლებმაც განაცხადი შეიტანეს მუშაობის ნებართვაზე დისკვალიფიკაცია მიენიჭათ.
„რამდენიმე სასტუმრომ შეავსო სპეციალური განაცხადი, რომლის საფუძველზეც შევამოწმეთ ეს სასტუმროები -და აღმოჩნდა ხარვეზები, რის გამოც მათ მუშაობის უფლება არ მიეცათ,“ – ჩვენთან საუბარში ამბობს ახალციხის მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელი, მიხეილ მაკარიძე.
TOK TV-მ რამდენიმე დღის წინ მოამზადა მასალა, სადაც სასტუმროს მფლობელები საუბრობდნენ კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილ ვითარებაზე და ბიზნესის განახლების გამოწვევებზე. ჩვენ მათ ისევ დავუკავშირდით, რათა გაგვეგო აპირებენ თუ არა საქმიანობის განახლებას.
„ჯერ არ შემიტანია განაცხადი, ველოდებით პირველ ივლისს, თუ გაუმჯობესდება ეპიდ მდგომარეობა და ტურისტებიც შემოვლენ შემდეგ ვიფიქრებთ ბიზნესის განახლებაზე,“ – გვეუბნება სასტუმრო „ოლდ თაუნის“ უფროსი, მარიამ ივანიშვილი.
ქვეყანაში ტურისტების შემოსვლას ელოდება სასტუმრო „მესხეთი პალასის“ უფროსი, ვალერი კურტანიძეც.
„ძირითადად უცხოელებზე ვმუშაობ და ამიტომ ჯერ არ დამიწყია მუშაობა, თუ დარწმუნებული არ ვიქნები, რომ შემოვლენ უცხოელები არ მიღირს ბიზნესის განახლება, რადგან ბევრ ხარჯთანაა დაკავშირებული, რეგულაციები, თანამშრომლების ხელფასები და ასე შემდეგ, ამიტომ შიდა ტურიზმით მე ვერ ვიმუშავებ.”
ტურიზმის ამოქმედების ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით შიდა ტურიზმის ამოქმედება 15 ივნისიდან არის დაგეგმილი, ხოლო პირველი ივლისიდან ქვეყანაში უცხოელ ტურისტებს ელიან.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ბაზაში არსებული მონაცემების მიხედვით, სამცხე-ჯავახეთში 218 სასტუმროა რეგისტრირებული.
კორონავირუსის პანდემიის პრევენციის მიზნით საქართველოში სასტუმროებმა მუშაობა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ შეაჩერეს.
ავტორი: მიშო დარბაიძე