ახალციხის მუნიციპალიტეტმა ბოლო ორ წელში 150 000 ლიტრზე მეტი საწვავი გამოიყენა

April 7, 2023

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ და საკრებულომ ბოლო ორი წლის 2021-2022 განმავლობაში ჯამში 150 000 ლიტრზე მეტი საწვავი გამოიყენეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია გვაწვდის.

უწყებიდან მიღებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, ახალციხის მერიამ 2022 წელს 33 000 ლიტრამდე ბენზინი და 12 000 ლიტრზე მეტი დიზელი გამოიყენა.

ამავე პერიოდში ახალციხის საკრებულომ 24 000 ლიტრამდე ბენზინი და 4 500 ლიტრამდე დიზელი გამოიყენა.

რაც შეეხება 2021 წელს, მაჩვენებელი შემდეგია:
ახალციხის მერია: 28 ათას ლიტრამდე ბენზინი და 15 500 ლიტრამდე დიზელი.
ახალციხის საკრებულო: 32 000 ლიტრამდე ბენზინი და 6 000 ლიტრი დიზელი.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მიერ მანქანებში ჩასხმული საწავავის პრობლემის შესახებ საუბარია სახელმწიფო აუდიტის 2021 წლის დასკვნაშიც. აუდიტის მიხედვით “დღის განმავლობაში, მათ შორის, დროის მცირე ინტერვალში, საწვავი ჩასხმულია რამდენჯერმე და მათი ჯამური მოცულობა ავტორიზებული ავტომანქანის საწვავის ავზის მოცულობას აღემატება.”

მათივე ცნობით, “მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითმა ორგანომ აღმასრულებელ ორგანოსთან შეთანხმებით, შეიმუშაოს წესი, რითაც დარეგულირდება სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო სამორიგეო ავტომანქანების რაოდენობა და განისაზღვრება საწვავის ხარჯვის კონტროლის მექანიზმები.”

რამდენად გაითვალისწინა მუნიციპალიტეტის მერიამ, აუდიტის სამსახურის მიერ, საწვავის ხარჯვასთან დაკავშირებული, რეკომენდაციები – კითხვით ახალციხის მერიას დავუკავშირდით, პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა შესაბამისად განახლდება.

ასევე ნახეთ: 63 ავტომანქანა და დამატებით კიდევ 3 — რა დანიშნულებით იყენებს ახალციხის მუნიციპალიტეტი ავტომანქანებს

ახალციხის მერიის ავტომანქანებში ერთჯერადად იმაზე მეტი საწვავი ჩაასხეს ვიდრე ავზი იტევს — აუდიტი