ვინ ჩაითვლებოდა ,,უცხო ძალების ინტერესების გამტარებლად”

April 8, 2024

საჯარო მოხელეები, რომლებიც აქტიურად პოსტავენ და მხარს უჭერენ “რუსული კანონის” მიღებას, სხვადასხვა დროს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციაში  იყვნენ დასაქმებულები.

#1 მაგალითად, წალკის, ბოლნისის, დმანისისა და  თეთრიწყაროს მაჟორიტარი დეპუტატი, გოგი მეშველიანი თითქმის 10 წელი, (2005-2014) წლებში გაეროს ლტოლვილთა საქმეების უმაღლესი კომისარიატისა და საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ერთობლივი კოორდინატორი იყო.

#2 არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობის 6 წლიანი გამოცდილება აქვს ახალციხის მერის მოადგილეს, ილია ზარდიაშვილს. მისი ბიოგრაფიის მიხედვით, იგი 2006- 11 წლებში “საქართველოს კარიტასში” და “Mercy Corps”-ში მუშაობდა.

#3 2006-12 წლებში, “აგენტად” რეგისტრაცია მოუწევდა წალკის მერის მოადგილეს, ემზარ გელოვანსაც , რადგან მისი ბიოგრაფიის მიხედვით,  იგი არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო საზოგადოებრივი ორგანიზაცია მომხმარებელთა უფლებების დაცვა”-ში ექსპერტად მუშაობდა.

#4 მიუხედავად იმისა, რომ  ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის “უფროსი სპეციალისტი გენდერის საკითხებში” მანანა მოდებაძე, საჯარო რეესტრის მიხედვით ააიპ  “ქალთა იმედის” გამგეობის წევრია, “რუსული კანონის” შესახებ, “ოცნების” ქარდებს  აქტიურად აზიარებს. კანონის მიღების შემთხვევაში კი მას “აგენტად” რეგისტრაცია მოუწევს, რადგან “ქალთა იმედის” გვერდზე არსებული ინფორმაციით, ორგანიზაციას ფინანსური მხარდაჭერა ერთ-ერთი შვედური კომპანიისგან ჰქონდა.

მოდებაძე ამ ორგანიზაციის წევრი, 2010 წლიდან არის.

კანონის მიღების შემთხვევაში აპირებს თუ არა “აგენტად” რეგისტრირებას? – მანანა მოდებაძესთან დაკავშირებას ვცდილობთ, მისი პასუხის შემდეგ მასალა განახლდება.

#5 “ოცნების” პოსტერების გამზიარებლებს შორის არის, ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ხათუნა ხმალაძეც, რომელიც 2011 წელს, კავშირი “სამყარო” დამფუძნებელია(ყოფილი). ასევე, 2011 წელს, ხმალაძე “სამცხე-ჯავახეთის რეგიონული გარემოსდაცვითი კავშირი “ეკოდახა“-ს გამგეობის თავმჯდომარე იყო. 

შესაბამისად, ახალციხის რესურსცენტრის ხელმძღვანელს, “აგენტად” რეგისტრაცია 2011 წელს მოუწევდა.

მასალა განახლებადია

“ქართულმა ოცნებამ” რუსული კანონი კვლავ დააინიცირა, არსებული ინფორმაციით მმართველი პარტია კანონს ბიუროს სხდომაზე დღეს დაარეგისტრირებს. საკითხს გამოეხმაურნენ საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის ევროკავშირი, განცხადების მიხედვით, “გამჭვირვალობა სამოქალაქო საზოგადოების თავისუფალი მოქმედების შესაძლებლობის შეზღუდვის ინსტრუმენტად არ უნდა იქნას გამოყენებული.”

“ოცნების”წევრები, მუნიციპალიტეტის მერები, რწმუნებულები, დეპუტატები, პიარები და სხვა საჯარო მოხელეები ბოლო რამდენიმე დღეა, სოციალურ ქსელში აქვეყნებენ სხვადასხვა სახის ბანერებს, რომლებიც Facebook-ის მიერ ცრუ ინფორმაციად ინიშნება.

პრემიერ მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მედიასთან განაცხადა, რომ “Facebook-ში ცენზურას ახორციელებენ.”