ინტერესთა კონფლიქტი, თუმცა მაინც გაფორმებული ხელშეკრულებები – აუდიტი ახალქალაქზე

February 12, 2024

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიამ, 5 სხვადასხვა ხელშეკრულება გაუფორმა კომპანიას, რომლის დირექტორი და 100 %-იანი წილის მფლობელი არის ახალქალაქის ა(ა)იპის დირექტორიც, – “სახელმწიფო აუდიტის სამსახური” მუნიციპალიტეტსა და კომპანიას შორის ინტერესთა კონფლიქტზე საუბრობს.

“აუდიტის” მიხედვით, მერიამ 2021 წელს ხელშეკრულებები შპს “მეგობრობა 5”-ს ისე გაუფორმა, რომ ინტერესთა კონფლიქტის შესახებ არაფერია ნათქვამი. მეტიც, “აუდიტის” მიხედვით, იმდროინდელ მერს იურიკ უნანიანს წერილობით აქვს დადასტურებული, რომ კომპანია ინტერესთა კონფლიქტში არ იმყოფებოდა.

ამავე წყაროს ცნობით, კომპანიამ 5 ხელშეკრულებით ჯამში 150 000-ზე მეტი ლარი მიიღო.

ჩვენ “მეგობრობა 5”-ის და ა(ა)იპ „ახალქალაქის დახურული საცურაო აუზის“ დირექტორს, მარტინ გაბრიელიანს დავუკავშირდით, როგორც მან თქვა ორი წელია რაც კომპანია სხვას გადაუფორმა და დირექტორის პოზიციაც დატოვა.

2023 წლის 17 ივლისით დათარიღებული “საჯარო რეესტრის” ამონაწერის მიხედვით, კომპანიის ამჟამინდელი მფლობელი და დირექტორი, არტურ თუმასიანია. “აუდიტის” საანგარიშო პერიოდში, 2021-22 წლებში დირექტორი მარტინ გაბრიელიანი იყო.

აუდიტის დასკვნების შესახებ ინფორმაციის მოწოდებას არ ჩქარობენ ახალქალაქის მერიაში.

აქვე გეტყვით, ახალციხის, ნინოწმინდის, ახალქალაქის და ბორჯომის საქმიანობის ანგარიშები პროკურატურაში გადაგზავნეს.

ასევე ნახეთ: ახალქალაქში, 300 000-ზე მეტი ღირებულების 5 ინფრასტრუქტურული ობიექტი დაუსრულებელია, 1 – უფუნქციო – აუდიტი