მესხეთის თეატრის რეაბილიტაციის დასრულება 2025 წელს იგეგმება – კულტურის სამინისტრო

March 14, 2024

ახალციხეში, მესხეთის დრამატული თეატრის რეაბილიტაციის დასრულება 2025 წელს არის დაგეგმილი და სამუშაოებისთვის 14 მილიონზე მეტი ლარია გათვალისწინებული, – ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით იგეგმება ორი დარბაზის მოწყობა: მცირე – 100, ხოლო დიდი დარბაზი 500 მაყურებლისთვის იქნება გათვლილი.

უწყების მინისტრი, თეა წულუკიანი ახალციხეში 12 მარტს იმყოფებოდა, მან თეატრის რეაბილიტაციის პროცესი დაათვალიერა და განახლებული თოჯინების თეატრი გახსნა, თუმცა ამის შესახებ ინფორმაცია წინასწარ არ გავრცელებულა. მეტიც, ადგილზე მისული ჩვენი გადამღები ჯგუფი თოჯინების თეატრში არ შეუშვეს, ხოლო ღონისძიებიდან გამოსულმა თეა წულუკიანმა ტერიტორია ისე დატოვა, რომ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მინისტრები, მათ შორის კულტურის მინისტრი რეგიონში ისე ჩამოდის, რომ ადგილობრივ მედიას ამის შესახებ ინფორმაციას არ ატყობინებენ.

ფოტო: კულტურის სამინისტრო