რატომ იასპარეზეს, ქართველმა მოჭიდავეებმა “როსნეფტის” ლოგოიან ტატამზე?

December 13, 2022

რატომ იასპარეზეს, ქართველმა მოჭიდავეებმა ტატამზე, რომელზეც სანქცირებული რუსული კომპანიის, “როსნეფტის” ლოგოა გამოსახული? – ამის გარკვევას ჩვენი რედაქცია სხვადასხვა უწყებიდან მეორე დღეა ცდილობს, თუმცა მათგან პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.

ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენელი როგორც გუშინ, ასევე დღესაც გვეუბნება, რომ “არ იცის რაზე ველაპარაკებით”, არაფერი შეუმჩნევია და მსგავსი სახელის კომპანიას ღონისძიების ორგანიზებაში წვლილი არ აქვს.

ჩვენ ასევე ვცდილობთ დავუკავშირდეთ ფედერაციის პრეზიდენტს, გელა ბე­რუ­აშ­ვი­ლს, თუმცა იგი ჩვენს ზარებს არ პასუხობს.

ღონისძება გუშინ, ქუთაისში, სპორტის სასახლეში გაიმართა. “როსნეფტის” ლოგოს გამოსახულებით ტატამი, ფედერაციის მიერ გავრცელებულ ვიდეო მასალაშია ასახული.

ჩვენს კითხვებს არ პასუხობენ არც ქალაქ ქუთაისის მერიაში და გვეუბნებიან, რომ მერიამ მხოლოდ დარბაზი დაუთმო ფედერაციას.

ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო. აქ ჩვენს ზარებს დილიდან არ პასუხობენ.

აქვე გეტყვით, რომ „როსნეფტი“ არის მსხვილი რუსული ნავთობისა და გაზის კომპანია. ის რუსული სანქცირებული კომპანიების სიაშია. „როსნეფტი“ აფხაზეთში შვილობილი კომპანიის „აფხაზეთის შელფის“ მეშვეობით მოქმედებს და შესაბამისად საქართველოს ოკუპაციის შესახებ კანონის დამრღვევიცაა.