რატომ მიიღეს კურორტ აბასთუმანში, 2024 წლიდან ძრავიანი ავტომობილების აკრძალვის გადაწყვეტილება

July 4, 2022

რატომ მიიღეს კურორტ აბასთუმანში, 2024 წლიდან ძრავიანი ავტომობილების აკრძალვის გადაწყვეტილება და როგორ იმოძრავებენ ადგილობრივები და ტურისტები კურორტზე, თუ მათ ელექტრო ავტომობილი არ ეყოლებათ? – კითხვები ჩვენ პრემიერის მრჩეველს, სოსო ტყემალაძეს დავუსვით.

ტყემალაძის განცხადებით, განიხილავენ სამ ალტერნატიულ გზას. მათ შორისაა უფასო ელექტრო ავტობუსების დანიშვნა, ადგილობრივებისთვის ელექტრო ავტომობილების გადაცემა უფასოდ ან განსაკუთრებული პირობებით . კონკრეტულად რა პირობებზეა საუბარი და ვინ ისარგებლებს ამ პირობებით ჯერ-ჯერობით უცნობია. 

აღნიშნულ საკითხზე თავდაპირველად, BMGTV-ს ეთერში, სწორედ სოსო ტყემალაძემ ისაუბრა და განაცხადა, რომ “2024-დან აბასთუმანს გადაკეტავენ და მხოლოდ ელექტრომობილები ივლიან.”

სოსო ტყემალაძის თქმით, კურორტის განვითარებისთვის სახელმწიფო და კერძო ბიზნესი ჯამში 1.3 მილიარდ ლარს ხარჯავენ. 

აქვე გეტყვით, რომ აბასთუმანში მიმდინარეობს შემოვლითი გზის სამშენებლო სამუშაოები. მას საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით კომპანია “ჯეუ გრუპი” ახორციელებს, 45 მილიონ ლარამდე ბიუჯეტით. აღნიშნული გზა ზურმუხტის ქსელის უბანზე გადის,  რის გამოც პროექტს გარემოს დამცველების ნაწილი აკრიტიკებს.