სარეაბილიტაციო კორპუსები რეაბილიტირებული წინა ფასადების მიღმა – ახალციხე

February 13, 2024

⭕ ახალციხეში, თამარაშვილის N25-ში მცხოვრებლები კორპუსის რეაბილიტაციას ითხოვენ

⭕ მიუხედავად იმისა რომ კორპუსი სრულ რეაბილიტაციას საჭიროებდა, 2016 წელს მხოლოდ საცხოვრებელი სახლის წინა ფასადი შეკეთდა

ვრცლად ნახეთ #სიუჟეტი 👇

მადონა ნათენაძე ახალციხეში, თამარაშვილის N25-ში  მდებარე კორპუსში ცხოვრობს. გვეუბნება ,რომ კორპუსის ფასადი, შიდა სივრცე და  კიბეები, დაზიანებულია. რეაბილიტაციას საჭიროებს სადარბაზოებში შესასვლელი ამორტიზებული კარიც, რომელიც არ იკეტება. მის ნაამბობს, ადგილზე არსებული ვითარებაც ადასტურებს, 

აქ მაცხოვრებლები გვეუბნებიან, რომ მუნიციპალიტეტს პრობლემების მოსაგვარებლად არაერთზგის მიმართეს, თუმცა საკითხი ჯერ კიდევ გადაუწყვეტელია.

რა გეგმა აქვს მუნიციპალიტეტს? – უწყებაში გვითხრეს, რომ მიმდინარე წელს იგეგმება კორპუსის სარეაბილიტაციო პროექტზე მუშაობა, რის შემდეგაც დაიწყებენ სამუშაოებს. კონკრეტულად როდის და სავარაუდოდ რა თანხა იქნება გამოყოფილი ამისთვის – ამ ეტაპზე უცნობია. 

მიუხედავად იმისა რომ კორპუსი სრულ რეაბილიტაციას საჭიროებდა, 2016 წელს მხოლოდ საცხოვრებელი სახლის წინა ფასადი შეკეთდა. მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, N25-სა და კიდევ 9 კორპუსის გარე ფასადების რეაბილიტაციისთვის, ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჯამში ნახევარ მილიონამდე ლარი დაიხარჯა.

ახალციხის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის მიხედვით, კორპუსების ფასადების, სახურავების და სადარბაზოების რეაბილიტაციისთვის მილიონი ლარია გათვალისწინებული.