ტაბიძის და ბაგინაშვილის ქუჩებს რეაბილიტაციას ახალციხის საკრებულოს თანამდებობის პირის შვილის კომპანია ჩაუტარებს – #ახალციხე

November 6, 2023

ახალციხეში ტაბიძის და ბაგინაშვილის ქუჩაზე საავტომობილო გზის რეაბილიტაცია ახალციხის მერიას 330 000-ზე მეტი დაუჯდება, – ახალციხის მერიის გამოცხადებულ ტენდერში, შპს “ელ ეს ჯორჯია” გაიმარჯვა. ის ერთადერთი პრეტენდენტი იყო. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ხელშეკრულების მომზადება.

სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, სამუშაოები 2 თვეში უნდა დასრულდეს.

ტაბიძის ქუჩაზე მცხოვრებლები უკვე 6 წელია, საავტომობილო გზის რეაბილიტაციას ითხოვენ. როგორც აქ გვეუბნებიან, 2018 წელს განცხადებით მიმართეს მერიას.

ჩვენმა რედაქციამ თემაზე მუშაობა 2020 წელს დაიწყო, მიუხედავად არაერთგზის დაპირებისა, საკითხი კვლავ მოუგვარებელი რჩებოდა.

ტაბიძის ქუჩის გზის რეაბილიტაციის 5+1 წლიანი დაპირება

სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, ტაბიძის ქუჩის რეაბილიტაციის პროექტი ახალციხის მერიამ 2019 წელს შეისყიდა, თუმცა მას თითქმის 5 წელი დასჭირდა, ბიუჯეტიდან თანხის გამოსაყოფად.

რაც შეეხება კომპანია შპს “ელ ეს ჯორჯიას”, სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, კომპანია ახალციხის საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარის, ნოდარ ტალახაძის შვილს, ტარიელ ტალახაძეს ეკუთვნის.

დირექტორის მოადგილე კი, დირექტორის ცოლი და შპს “არალის” 25 %-იანი წილის მფლობელი, ეკა თათეშვილია.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” კვლევის მიხედვით, ახალციხის სატენდერო კომისიის წევრის, ნოდარ ტალახაძის ოჯახის წევრების კომპანიებმა ბიუჯეტიდან ბოლო ორ წელში 9 მილიონამდე ლარი მიიღო.

“არ უნდა მიიღოს ტენდერებში მონაწილეობა?” – ტალახაძეს პასუხი TI-ს კვლევაზე

აღნიშნულთან დაკავშირებით ჩვენ კომპანიის დირექტორის მოადგილეს, ეკა თათეშვილს დავუკავშირდით, მან კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა და განაცხადა, რომ სახელმწიფო შესყიდვები გამჭვირვალეა და პროცედურები მიმდინარეობს კანონის ფარგლებში.

ამავე თემაზე:

ტაბიძის ქუჩაზე მოსახლეობა გზის დაგებას ითხოვს- ახალციხე

ახალციხეში, ტაბიძის ქუჩის დაპირება წლებია გვესმის, თუმცა ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა

აღსრულდა-ტაბიძის და ბაღინაშვილის ქუჩების გზის რეაბილიტაციას საკრებულომ მხარი დაუჭირა