წალკის 2 სოფელში საბავშვო ბაღის მშენებლობა იგეგმება #ტენდერი

May 4, 2023

ავტორი: მირანდა ფუტკარაია, ლერი კოჩალიძე

წალკის მუნიციპალიტეტის 2 სოფელში თრიალეთსა და კაბურში საბავშვო ბაღის მშენებლობა იგეგმება, რისთვისაც საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი 3 მილიონ ლარზე მეტის გამოყოფას გეგმავს,- ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, წინადადებები 22-დან 27 აპრილამდე მიიღებოდა. მონაწილეობა ერთმა პრეტენდენტმა არტ-მშენმა მიიღო. სატენდერო პირობებით გათვალისწინებულია 75 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღების მშენებლობისათვის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება და მის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოების შესრულება. გამარჯვებულმა კომპანიამ ნაკისრი ვალდებულება ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 თვეში უნდა შეასრულოს.

მუნიციპალური განვითარების ფონდში გვითხრეს, რომ საკითხში ადგილობრივი თვითმმართველობაც ჩართულია. წალკის მერიაში ამბობენ, რომ ბაღების მშენებლობა მათი მოთხოვნის საფუძველზე გადაწყდა. 2022 წლის ზაფხულში წალკის მერიისგან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის მიხედვით, წალკაში სულ 7 საბავშვო ბაღია. ბავშვებს ბაღში სიარული მხოლოდ ქალაქ წალკაში, სოფლებში: სამება, საყდრიონი, კიზილქილისა, არწივანსა და კოხტაში შეუძლიათ.