რას ფიქრობენ “ურჩთა” შორის დეპუტატები საარჩევნო ცვლილებებზე

March 9, 2020

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე მანდატების თანაფარდობით და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება.

ამასთან დაკავშირებით TOK TV ადგილობრივ დეპუტატებს დაუკავშირდა. ახალციხე-ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატი, გიორგი კოპაძე ეთანხმება არჩევნების მსგავსი სტილით ჩატარებას, თუმცა აღნიშნავს, რომ გასათვალისწინებელია ბევრი ნიუანსი, რათა არჩევნებმა სტაბილურად ჩაიაროს.

„ჩვენი მოთხოვნა იყო, რომ მაჟორიტარები დარჩენილიყო და ეს მოხდა, კმაყოფილი ვარ ამ შეთანხმებით. თუ რა თქმა უნდა ბოლომდე შესრულდა ყველაფერი. ბევრი ნიუანსია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია სტაბილური არჩევნების ჩასატარებლად, რათა იმ პარტიამ გაიმარჯვოს, რომელსაც აქვს ძალა და არა მათ, ვისაც აქვთ დიდი პრეტენზიები,“ – თქვა ჩვენთან საუბრისას კოპაძემ.

გადაწყვეტილებას ასევე მიესალმება ნინოწმინდა-ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატი ჰენზელ მკოიანიც

​„ეს ძალიან კარგი და დემოკრატიული გადაწყვეტილებაა, როგორც მმართველი პარტიისთვის ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის და რაც მთავარია მოსახლეობისთვის, რათა მათ ჰქონდეთ საშუალება აირჩიონ სასურველი კანდიდატი,“ – განაცხადა მკოიანმა.

გადაწყვეტილება ოპოზიციისა და მმართველ გუნდს შორის, 8 მარტს, აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში გამართულ არაფორმალურ შეხვედრაზე მიიღეს.

Leave a Reply