“წლებია ეს მეჩეთი ავარიულია “- ხევაშენის მეჩეთი

April 7, 2023

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევაშენში არსებული მეჩეთის ნაწილი ჩამოიშალა. მეჩეთების მკვლევარის, ნესტან ბლუაშვილის თქმით, მეჩეთი უკვე წლებია დაზიანებულია.

მისი თქმით, 2016 წელს, როცა მათ ექსპედიციის ფარგლებში მეჩეთი მოინახულეს, კედელი გახსნილი იყო.

აქვს თუ არა ინფორმაცია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაზიანებული მეჩეთის შესახებ და აპირებენ თუ არა მის შეკეთებას – კითხვებით სააგენტოს დავუკავშირდით, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.

მეჩეთის ისტორიასა და იმის შესახებ თუ როგორ მდგომარეობაშია დღეს, ქართული მეჩეთები, მკვლევარი, ნესტან ბლუაშვილი გვესაუბრება.

ოფიციალური ცნობებით, ეს რელიგიური სალოცავი 1908 წელს, ლაზი ოსტატების მიერაა აშენებული. ადიგენის მერიის ცნობით, დაზიანებულ მეჩეთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონეა.

აქვე გეტყვით, რომ 2012 წელს, სამცხე-ჯავახეთში არსებულ 19 მეჩეთს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

ხევაშენის მეჩეთის დაზიანების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად სამხრეთის კარიბჭემ გაავრცელა.