172 022 ლარი გამარტივებული წესით 25 დეკემბრის ღონისძიებისთვის – ახალციხე

December 22, 2022

ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ, 25 დეკემბერს წინასაახალწლო ღონისძიების ორგანიზებისთვის 172 022 ლარის ხელშეკრულება შპს “ქეი ივენთს” გამარტივებული წესით, უტენდეროდ გაუფორმა. ამ დღეს დაგეგმილია ნაძვის ხის ანთებაც.

დოკუმენტის მიხედვით, თანხაში გათვალისწინებულია სცენის და მიმდებარე ტერიტორიის (ცენტრალური პარკის) საახალწლოდ მოწყობა, ანიმაციური გმირების მოყვანა, ფოერვერკი და მომღერლების ხელფასები.

კერძოდ: მერია მომღერლებს თემურ თათარაშვილს და ანი კეკუას 1 950-1 950 ლარს გადაუხდის, ხოლო ზუკა ხუციშვილს, ნატო გელაშვილს, ლუკა და გიორგი ჭოხონელიძეებს და ბენდს 10 400 ლარს გადაუხდის.

რაც შეეხება ფოერვერკს, მერია ამისთვის 4 200 ლარს გამოყოფს.

რატომ გახდა საჭირო 170 ათასზე მეტი ღირებულების ხელშეკრულების გამარტივებული წესით გაფორმება? – მერიისგან ინფორმაციის მიღებას ველოდებით.

რაც შეეხება შპს „ქეი ივენთს” ორგანიზაცია 2017 წლის, 24 ოქტომბერს დაფუძნდა. მას თბილისის მერიისგან და სხვა უწყებებისგან 16 სახელმწიფო შესყიდვა, გამარტივებული წესით აქვს მიღებული, საიდანაც ჯამში 900 ათას ლარამდე თანხა მიიღო.

აქვე გეტყვით, რომ გარდა ამისა, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ, ტენდერების საფუძველზე 2023 წლის შესახვედრად და ქუჩების საახალწლოდ მოწყობისთვის შპს “დანდთან” ორი ხელშეკრულება გააფორმა, ჯამში 209 200 ლარის ღირებულების.