ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889
ახალციხეში რუსთაველის ქუჩაზე კორპუსის აფეთქების მიზეზი რესტორნის მეპატრონის თქმით ცნობილია. როგორც კორპუსის პირველ სართულზე განთავსებული რესტორანი “იმერეთის” მესაკუთრე ბექა ტაბიძე გვეუბნება, სამხარაულის დასკვნის მიხედვით აფეთქება კორპუსის სარდაფში დაზიანებულმა გაზის მილმა გამოიწვია.
ტაბიძე დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას და ზარალის ანაზღაურებას ითხოვს. “დასკვნაში წერია, რომ კორპუსის სარდაფში აფეთქდა დაზიანებული გაზის მილი. მთელი კორპუსი საჭიროებს რეაბილიტაციას, რადგან გაზის და კანალიზაციის მილები დაზიანებულია. ჩვენ ველოდებით კიდევ ერთი ექსპერტიზის დასკვნას, რომლებიც აფეთქებულ მილს სწავლობენ და შემდგომ შესაბამის ორგანოში მოვითხოვთ დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას და ზარალის ანაზღაურებას, – გვითხრა ბექა ტაბიძემ.
რას ამბობენ ახალციხის მერიაში
ახალციხის მერიაში გვეუბნებიან, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს კორპუსის გამაგრებითი სამუშაოები და სარეაბილიტაციო პროექტის მომზადება. რაც შეეხება სამხარაულის დასკვნას, უწყებაში გვითხრეს რომ დოკუმენტი ოფიციალურად, საჯარო წესით გამოვითხოვოთ.
ასევე, მერიამ კორპუსში მცხოვრებ პირებს, რომლებსაც ალტერნატიული ფართი არ აქვთ ბინები დაუქირავა. სულ რამდენი ბინა იქირავა მუნიციპალიტეტმა და რა თანხას იხდის ბიუჯეტი ყოველთვიურად, ამ ინფორმაციის მოწოდებასაც წერილობითი მომართვის საფუძველზე დაგვპირდნენ. (ჩვენმა რედაქციამ აღნიშნული ინფორმაციის მიღების მიზნით მერიას უკვე მიმართა)
რა პოზიცია აქვთ გაზმომარაგების კომპანიაში
გაზმომარაგების კომპანია “ინტერგაზში” გვეუბნებიან, რომ ჯერ კიდევ მიმდინარეობს გამოძიება და კომენტარს ვერ გააკეთებენ.
კითხვაზე, გაეცნენ თუ არა სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას? არ გვიპასუხეს და ტელეფონი გათიშეს.
აფეთქება კორპუსში
შეგახსენებთ, რომ გასული წლის 26 დეკემბერს რუსთაველის ქუჩაზე კორპუსის სარდაფი აფეთქდა. დაშავდა ორი პირი, რომლებიც იმ მომენტში სარდაფში იმყოფებოდნენ. კორპუსის პირველ სართულზე განთავსებული იყო რესტორანი “იმერეთი”, რომლის გარე ფასადი დაზიანებულია. კორპუსში მაცხოვრებლები ჩვენთან საუბარში ამბობდნენ, რომ გაზის სუნი რამდენიმე დღე იგრძნობოდა.
დაზარალებული პირები ახალციხის მერიამ ჯერ სასტუმრო “ვაით ჰაუსში” და შემდგომ კერძო ბინებში გადაიყვანა, რომლის ქირასაც ადგილობრივი თვითმმართველობა იხდის.
შსს
შსს-ში გამოძიება ელექტრო – ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით მიმდინარეობს, რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-10 წლამდე, ან სამი წლით საქმიანობის უფლების ჩამორთმევას.
ნახეთ ამ თემაზე ჩვენს მიერ მომზადებული მასალები:
აფეთქებისას საცხოვრებელი კორპუსიდან ევაკუირებული მოქალაქეები ნაქირავებ ბინებში რჩებიან-ახალციხე
გამოძიების გამო გათიშული ელ. ენერგია — 5 დღე ახალციხეში მომხდარი აფექთების შემდეგ
რესტორან «იმერეთის» მფლობელი აფეთქების ოფიციალურ ვერსიას ეწინააღმდეგება
«გაზის სუნი რამდენიმე დღე იგრძნობოდა» — ადგილობრივები აფეთქებაზე
«შოკი, ტრავმა, დამწვრობა» — ახალციხეში აფეთქების შედეგად დაშავებულები თბილისში გადაიყვანეს
ევაკუირებულია 12 ოჯახი, ორი მოქალაქე გადაყვანილია კლინიკაში — ახალციხეში მომხდარი აფეთქების შედეგი