ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერია სოფელ ხანჩალში საბავშვო ბაღის აშენებას გეგმავს, რისთვისაც 200 ათას ლარზე მეტის გამოყოფას აპირებს. ტენდერი უკვე გამოცხადებულია.
ნინოწმინდის მერიაში გვეუბნებიან, რომ ბაღი გათვალისწინებულია ორ ჯგუფზე, რომელიც დაახლოებით 50 აღსაზრდელს მოიცავს. მათივე ცნობით, სოფელ ხანჩალში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება არასდროს ჰქონიათ და მცხოვრებლებს ბავშვები იქ დაჰყავდათ, სადაც შესაძლებლობა ჰქონდათ.
სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, კომპანიამ, რომელიც ტენდერში გაიმარჯვებს, ბაღის მშენებლობის სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 16 კვირის ვადაში უნდა შეასრულოს.
აქვე ვკითხულობთ, რომ ბაღის აღჭურვა სხვა კომპანიას დაევალება. თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა. სატენდერო დოკუმენტის მიღება 12-15 მარტს იწარმოებს.