ავტორი: მირანდა ფუტკარაია
“არ დაუჭიროთ მხარი რუსულ კანონპროექტებს, რომლებიც ქვეყანას მომავალს ართმევს,”-ასეთია რამდენიმე ათეული საზოგადოებრივი ორგანიზაციის და სამოქალაქო აქტივისტის გზავნილი ქვემო ქართლის მაჟორიტარი დეპუტატებისადმი.
გოგი მეშველიანს, ზაურ დარგალს და ირაკლი შატაკიშვილს რეგიონში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციები და სამოქალაქო აქტივისტები იმ პროექტებს ახსენებენ, რომლებიც პარტნიორი ქვეყნების და დონორების დახმარებით განხორციელდა და მოქალაქეებს სიკეთე მოუტანა. ისინი “აგენტების” შესახებ კანონპროექტს კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან.
“ჩვენ ყველანი ვხედავდით სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობით რეაბილიტირებულ საბავშვო ბაღებს, სასმელი წყლის სისტემებს, გაძლიერებულ ადგილობრივ მეწარმეებს, გამწვანებულ სივრცეებს. ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ პროექტებისა, რომელთა შესრულებაც ჩვენი პარტნიორი ქვეყნების და დონორების დახმარებით შევძელით. “-აღნიშნულია მიმართვაში.
“აგენტების ” კანონპროექტთან დაკავშრებით გოგი მეშველიანმა გვითხრა, რომ “ისეთ ორგანიზაციებს, რომლებიც, რეალურად, ჩვენი მოქალაქეების და ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებს ემსახურებიან არანაირი შეზღუდვა არ უნდა ჰქონდეთ მომავალში.”
რაც შეეხება ირაკლი შატაკიშვილს და ზაურ დარგალს, საკითხზე მათთან დაკავშირებას ვცდილობთ და დეპუტატების პასუხის მიღების შემდეგ მასალა განახლდება.
მიმართვა გუშინ გავრცელდა. „უცხოური გავლენის აგენტების” კანონპროექტს პარლამენტში დღეს განიხილავენ.