“სოფელში[საყუდარელში] მოსახლეობას საქონელი აღარ ჰყავს, – ზოგი ჩააბარეს, გაყიდეს, მათ შორის ნახევარ ფასად,” – გვეუბნება ასპინძის სოფელ საყუდაბელში მცხოვრები პაატა ნარიმანიძე, რომლის მეუღლეც ერთ-ერთია იმ თორმეტთაგან, ვისაც რამდენიმე დღის წინ ბრუცელოზი დაუდასტურდა.
პაატა ნარიმანიძის თქმით, როგორც მისი მეუღლის, ისე დანარჩენი დაავადებული პირების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მისივე თქმით, ფაქტის შემდეგ სოფელში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მოკვლევა დაიწყო. “ჩემს მეუღლეს აქვს და მკურნალობს, – როგორც მისი, ასევე სხვა პირების მდგომარეობა სტაბილურია. იყვნენ ჩამოსულები, ფაქტის შემდეგ და მოკვლევა დაიწყეს.”
“რა ვიცი მე როგორი ვითარებაა”- ასე გვეუბნება სოფელ საყუდაბელის რწმუნებული გივი ჩოხელი კითხვაზე, თუ როგორია ბრუცელოზით დაავადებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა და როგორი ვითარებაა სოფელში. ინფორმაცია ასევე არ აქვს არც მერს, როსტომ მაგლაქველიძეს.
სოფელში ბრუცელოზის 12 გამოვლენილი შემთხვევის შესახებ რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი. დამატებით კიდევ ერთი შემთხვევა ახალციხეში არასრულწლოვანს დაუდასტურდა. ჩვენ დამატებითი ინფორმაციის მიღებას სეს-გან ვცდილობდით, თუმცა აქ გვითხრეს, რომ კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.