ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გორელოვკის ადმინისტრაციულ ერთეულში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული ობიექტის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები იგეგმება, რისთვისაც მერიამ ტენდერი 49 437 ლარზე გამოაცხადა — ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული.
სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, სოფელი სამების სასმელი წყლის სისტემის მოწყობისთვის 10 ათას ლარამდე თანხის დახარჯვა იგეგმება. სოფელ ჟდანოვაკანის სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციისთვის – 12 ათას ლარამდე, სოფელ ეფრემოვკას მინი სტადიონის მშენებლობისთვის (მე-3 ეტაპი) 10 ათას ლარამდე, სოფელი გორელოვკას სპორტდარბაზის გასახდელის რეაბილიტაციისთვის – 6 ათას ლარამდე, ხოლო სოფელი ორლოვკას სანიაღვრე არხების მოსაწყობად – 12 ათას ლარამდე.
მეტი დეტალის გასარკვევად ჩვენ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის ხელმძღვანელს არმენ ბდოიან დავუკავშირდით, თუმცა ბდოიანმა კითხვების მოსმენის შემდეგ ტელეფონი გაგვითიშა.
ამავე დოკუმენტის მიხედვით, თანხა «სოფლის მხარდაჭერის პროგრამის» ფარგლებში გამოიყოფა.
ტენდერში მონაწილეობა ერთადერთმა პრეტენდენტმა ” შპს არომ” მიიღო და მერიას სამუშაოების შესასრულებლად 46 497 შესთავაზა.
კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 14 კვირის ვადაში უნდა შეასრულოს.