როდის დასრულდება ახალციხეში, რაბათის დასახლებაში, ყაზბეგის ქუჩაზე დაზიანებული მილხიდის რეაბილიტაცია, რომელიც გასული წლის 25 ივლისს უნდა დასრულებულიყო? – ამ დრომდე ტერიტორია კვლავ მოუწესრიგებელია, გზა და საყრდენი კედლები კი უფრო მეტად დაზიანებულია.
მილხიდის მოწყობის სამუშაოების შესრულების ვალდებულება, სხვადასხვა დროს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” და “ქართული ოცნების” შემწირველმა კომპანიამ, შპს “არალმა” აიღო.
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ ხელშეკრულება დაახლოებით 400 ათას ლარზე გაუფორმა (410 111 ლარი), თუმცა ხელშეკრულებაში ცვლილება 6-ჯერ შევიდა და მილხიდის მოწყობის სამუშაოების ვადა 4 თვიდან 15 თვემდე გაიზარდა.
გთავაზობთ ქრონოლოგიას: ახალციხის მერიასა და შპს არალს შორის ხელშეკრულება გასული წლის 3 აპრილს გაფორმდა, რომლის მიხედვითაც, სამუშაოები კომპანიას 25 ივლისამდე უნდა შეესრულებინა.
#ცვლილება 1
პირველი ცვლილება ხელშეკრულებაში 25 ივლისს შევიდა და სამუშაოების დასრულების დროდ, 29 სექტემბერი განისაზღვრა.
#ცვლილება 2
მეორე ცვლილების მიხედვით, რომელიც 21 სექტემბერს მოხდა, სამუშაოების დასრულებამ 17 ნოემბრამდე გადაიწია.
#ცვლილება 3
მესამე ცვლილების მიხედვით, სამუშაოები შპს “არალს” 2023 წლის 15 დეკემბერამდე უდნა დაესრულებინა.
#ცვლილება 4
ხელშეკრულებაში მეოთხე ცვლილება, 5 დეკემბერს შეიტანეს, რომელშიც ბიუჯეტის გადანაწილებაზეა საუბარი. კერძოდ: თავდაპირველად, სამუშაოებისთვის თანხა შემდეგნაირად იყო გადანაწილებული: 389 605 ლარი უნდა გამოეყოთ სახელმწიფო ბიუჯეტიდან და დარჩენილი 20 505 ადგილობრივი ბიუჯეტიდან.
განახლებული ხელშეკრულების მიხედვით, თანიხს ძირითად ნაწილს, 328 089 ლარს ახალციხის მერია ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფს, ხოლო 82 021 ლარს სახელმწიფო დააფინასნებს.
ამ გადანაწილებით თანხა კვლავ 410 111 ლარს შეადგენს.
#ცვლილება 5
მეხუთე ცვლილებაც თანხების გადანაწილებას ეხება.
რის საფუძველზე შევიდა ხელშეკრულებაში ცვლილება? – მერიაში გვითხრეს, რომ დეტალებისთვის საჯარო ინფორმაცია უდნა გამოგვეთხოვა. ჩვენმა რედაქციამ უწყებას უკვე მიმართა.
#ცვლილება 6
ხელშეკრულებაში მეექვსე და ჯერჯერობით ბოლო ცვლილება 14 დეკემბერს შეიტანეს, რომლის მიხედვითაც სამუშაოები 2024 წლის 31 მაისს უნდა დასრულდეს.
ანუ, მილხიდი, რომელიც დაახლოებით 7 თვის წინ უკვე დასრულებული უნდა იყოს, შესაძლოა 2024 წლის მაისში დასრულდეს.
რატომ ვერ დასრულდა მილხიდის მოწყობის სამუშაოები აქამდე? – კითხვით კომპანიის დირექტორს, დემეტრე თათეშვილს დავუკავშირდით. მისი თქმით, ადგილზე ინტერნეტ კომუნიკაციების კაბელი გადის და მის გადატანას ელოდებიან.
რატომ არ იყო საპროექტო დოკუმენტში ინტერნეტ პროვაიდერის კაბელების შესახებ ინფორმაცია მითითებული და გათვალისწინებული? – ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში გვეუბნებიან, რომ კაბელი რეგისტრირებული არ იყო და სამუშაოების დაწყების შემდეგ გამოჩნდა, მისი გადატანის პროცედურებს კი დრო დასჭირდა.
როგორც აქ გვეუბნებიან, მათ უკვე მიმართეს სილქნეტს კაბელის გადატანის მოთხოვნით.
ინფორმაციის გადამოწმების მიზნით და იმის გასაგებად, თუ როდის გადაიტანენ კაბელს, ინტერნეტ პროვაიდერ სილქნეტს დავუკავშირდით. მათგან ინფორმაციის მიღებას მეორე დღეა ველოდებით. პასუხის შემთხვევაში მასალა შესაბამისად განახლდება.
აქვე გეტყვით, რომ ჩვენი რედაქცია აღნიშნული მილხიდის პრობლემის შესახებ 2021 წლიდან წერს, ხოლო ადგილობრივები პრობლემის მოგვარებას 10 წელზე მეტია ითხოვენ.